„ბრიუსელში არის სრული პანიკა“, - ამის შესახებ რუსთავი 2-ს ქართველმა მკვლევარმა თეონა ლავრელაშვილმა განუცხადა. ლავრელაშვილი ბრიუსელში ვილფრედ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრის მკვლევარი და ევროპის პარლამენტში მეორე მრჩეველია.
მისი თქმით, ქალაქში არის სრული ქაოსი და პანიკა, რადგან ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე აფეთქება მოხდა.
„განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა იმ ადგილებში, სადაც განთავსებულია ევროინსტიტუციები. გარდა აეროპორტისა აფეთქებები მოხდა 3 მეტროსადგურზე, მალბეკი, შუმანი და არტრუა. ამ მეტროსადგურებით არის გარშემორტყმული ეს ევროპული ინსტიტუციები. ყველაფერი არის დაკეტილი, შეჩერებულია ტრანსპორტი, მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი და ა.შ.“, - განაცხადა ლავრელაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლები ყველას ურჩევენ, დარჩნენ იმ ადგილზე, სადაც არიან და არ გადაადგილდნენ.
„უსაფრთხოდ უკვე აღარავინ გრძნობს თავს. ეს არ არის მორიგი ტერორისტული აქტი, ეს არის ნიშანი, რომ ხდება დაპირისპირება თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ“, - აღნიშნავს ქართველი მკვლევარი.