დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი და ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლები ბრიუსელში სახალხო პარტიის სხდომაზე იმყოფებოდნენ, როდესაც აეროპორტსა და მეტროსადგურებში აფეთქებები მოხდა.
ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ბრიუსელში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ევროპარლამენტის თანამშრომლებს, ევროპარლამენტარებს ჰქონდათ სამსახურში მოსვლის პრობლემა, რადგან შეფერხებული იყო ტრანსპორტის მოძრაობა.
"ქალაქში დილიდან დახურული იყო სასტუმროების შესასვლელები, ასევე დროებით იყო დაკეტილი მაღაზიებიც და მოქალაქეებს არ უშვებდნენ. ამ წუთებში იკრიბება ევროპარლამენტის უსაფრთხოების სამსახური იმისათვის, რომ განსაზღვრონ დღის განმავლობაში რა გრაფიკით იმუშავებენ ევროპული ინსტიტუტები, ამიტომ ჩვენც ველოდებით ინფორმაციას. ამ დროისთვის არ არის დადასტურებული, რომ გადაიდება რაიმე ღონისძიება ევროპარლამენტში. როგორც გვაცნობეს, გამოძიებისთვის უცნობია სამიზნე იყო ევროპული ინსტიტუტები, თუ უბრალოდ დაემთხვა მათი ადგილმდებარეობა", - აღნიშნა ქართველმა დეპუტატმა.
ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, უკრაინის დელეგაციის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა აეროპორტში აფეთქებისას, მაგრამ ისინი უვნებელი არიან და შეძლეს ამსტერდამში გამგზავრება.