თბილისის საბავშვო ბაღებში მასობრივი გათავისუფლებების ფაქტს ეხმაურება ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ისინი დიდი ხნის წინ აანონსებდნენ ბაღებში პოლიტიკური პროცესების დაწყებას.
„დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მოსალოდნელი იყო პოლიტიკური პროცესის დაწყება ბაგა ბაღებში და პროფესიონალი თანამშრომლების შრომის კოდექსის უხეში დარღვევით გაყრა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური აქტივისტების დასაქმების მიზნით. ეს არის მძიმე კანონდარღვევა, რომლისთვისაც ეს ხელისუფლება პასუხს აგებს როგორც კანონის წინაშე, ასევე ოქტომბერში არჩევნებზე,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
სკოლამდელი აღზრდის 20-მდე დაწესებულებაში დირექტორები და სხვა თანამშრომლები მოხსნეს. სააგენტოს გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა ნომერ მე-2 ბაღში, სადაც აღმზრდელობითი პროცესი დილიდან აღარ მიმდინარეობს. მასწავლებლების პროტესტს მშობლებიც შეუერთდნენ. საკადრო გადაწყვეტილებას ისინი პოლიტიკური მოტივებით ხსნიან.
პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე.
„თავიდან ბოლომდე ამ პროცესს ხელმძღვანელობს სუს-ი და სუს-ის გადაწყვეტილებაა, რომ ყველა ის დამსახურებული ბაღის გამგეები ამ საარჩევნო წელს გაათავისუფლონ და მოიყვანონ რაც შეიძლება მეტი მართული ადამიანი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
თბილისის საბავშვო ბაღებში მიმდინარე გათავისუფლებებით მმართველი გუნდიც დაინტერესდა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხვალ გათავისუფლებულ დირექტორთან ერთად შეხვდება ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობას და გაერკვევა იმ დოკუმენტში, რის საფუძველზეც მოხდა გათავისუფლება.
რიმა ბერაძე პირობას დებს, რომ თუ რაიმე უკანონობას აქვს ადგილი, ბაღის გამგის პოზიციებს დაიცავს.