მასობრივი გათავისუფლებები თბილისის საბავშვო ბაღებში. მხოლოდ დღევანდელი დღის განმავლობაში დაახლოებით 10 საკადრო ცვლილების შესახებ გახდა ცნობილი. დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლეს 211-ე, 83-ე და 85-ე ბაღის დირექტორები. გათავისუფლების ბრძანება მათ ბაღების სააგენტოში გადასცეს. ბრძანებას თან ერთვოდა დასკვნა, სადაც თანამდებობიდან გადაყენების მიზეზია განმარტებული. დასკვნა მომზადებულია შიდა აუდიტის მიერ და მასში საუბარია არამიზნობრივ ხარჯვაზე. თანამდებობიდან გათავისუფლებული დირექტორები მომხდარში პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.
„ბაგა-ბაღების გაერთიანების უღირსი დირექტორი ათავისუფლებს, ბაღების ღირსეულ დირექტორებს. ათავისუფლებს მერიის აუდიტის ერთი და იგივე დასკვნის საფუძველზე. მე ვეკითხები და ველოდები პასუხის, რატომ ვართ ჩვენ ეჭვმიტანილნი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში, როდესაც ბატონი თემურ თორდინავა მის თავს მიზნობრივად უწერს პრემიებს,“-განაცხადა თბილისის 85-ბაგა-ბაღის ყოფილმა გამგემ ინგა გუგავამ.
მიმდინარე პროცესებს ბაღების თანამშრომლებისა და აღსაზრდელების მშობლების პროტესტი მოჰყვა. მათი ნაწილი პროცესებში მმართველი გუნდის პოლიტიკურ დაინტერესებას ხედავს.