რამდენიმე დღეში მიღებული 20-მდე საკადრო გადაწყვეტილება - ერთმანეთის მიყოლებით თბილისის ბაღების დირექტორები თანამდებობებიდან ერთი და იგივე მიზეზით გაათავისუფლეს.
მერიის განმარტებით, სკოლამდელ დაწესებულებებში შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ფინანსების არასწორი ხარჯვა დაადგინეს. ამავე მიზეზით, გაათავისუფლეს მეორე ბაგა-ბაღის დირექტორიც, რასაც დილიდან სამუშაო პროცესის პარალიზება მოჰყვა. მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად გაიფიცნენ.
ბაღში მიმდინარე პროცესით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საკადრო გადაწყვეტილებების უკან პოლიტიკური მოტივი დგას. პოლიტიკურ მოტივზე გათავისუფლებული დირექტორების ნაწილიც საუბრობს.
არ არის გამორიცხული, რამდენიმე დღეში გათავისუფლებული დირექტორების, ბაღების თანამშრომლებისა და მშობლების საპროტესტო აქცია გაიმართოს. თბილისის მერია კი პროცესებს პოლიტიკურად მართულს უწოდებს და წერილობითი განცხადებით მშობლებს ამ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
ავტორები: ეკო მაღრაძე, თაკო სურგულაძე, ლევან კალანდია, ტატო გურგენიძე, თამარ შალოშვილი.