ბაღების პროტესტს სააგენტო მუქარით პასუხობს-თანამდებობას დაატოვებინებენ ყველას ვინც თემურ თორდინავას მოთხოვნას არ დაემორჩილება, ანუ არ აღდგება აღმზრდელობითი სამუშაო სკოლამდელ დაწესებულებებში. ამ დროისთვის 10–მდე ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და სავარაუდოდ არც ხვალ განახლდება.
ბაღების დათხოვნილი დირექტორები სასამართლოში გეგმავენ საკუთარი უფლებების დაცვას.
დირექტორების გათავისუფლებას არა მხოლოდ თანამშრომლების, არამედ მშობელთა პროტესტიც მოჰყვა. მათი ნაწილი ხვალ ბავშვების მიყვანას ბაღებში არ აპირებს და თანამდებობებზე ძველი ხელმძღვანელების დაბრუნებას ითხოვს. მოთხოვნები მათ ბაღების სააგენტოს დირექტორს დღეს პირადად გააცნეს, თუმცა ხმაურიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. არ არის გამორიცხული ბაღებში მიმდინარე პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს. თანამშრომლები და მშობლები საპროტესტო აქციებს გეგმავენ.
ამის მიუხედავად, თბილისის მერია და ბაღების სააგენტო დათმობებზე წასვლას არ აპირებს.
ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბაგა-ბაღების აღმზრდელებს სასწავლო პროცესის აღდგენისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს.
ავტორები: ეკო მაღრაძე, მამუკა ჯინჭარაძე.