20 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
დაპირისპირება ბაღებში-არასამთავრობოები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ბაღების დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავენ. მედიატორის დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი  ამბობს, რომ ხელისუფლებას სურს დირექტორის თანამდებობებზე დანიშნონ ისეთი ადამიანები, რომლებიც დავალებებს შეასრულებენ. კითხვები აქვთ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წევრებსაც.

„ისინი ცდილობენ უფრო სანდო და ისეთი ადამიანების შერჩევას, რომლებიც მათ დავალებას უფრო იოლად შეასრულებენ, ვიდრე ის დირექტორები, რომლებიც დღეს გაათავისუფლეს თანამდებობიდან. 2015 წლის ბოლო 2016 წლის დასაწყისში დაიწყეს იმიტომ, რომ მინიმუმ ერთი წელი სჭირდება ადმინისტრაციულ სარჩელებს, იმისთვის, რომ სასამართლო მივიდეს საბოლოო გადაწყვეტილებამდე,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე პროცესებში პოლიტიკურ ნიშნებს ვერ ხედავენ ხელისუფლებაში. დეპუტატი ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ მანკიერი პრაქტიკა დასრულდა და  ადამიანები პოლიტიკური ნიშნით აღარ იდევნებიან.  

„ძალიან მანკიერი პრაქტიკა დანერგა ამ კუთხით ნაციონალურმა მოძრაობამ ეს არის ფაქტი და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში ვართ ვაჩვენეთ, რომ პოლიტიკური მოტივების გამო ადამიანები არ იდევნებიან. ვინც არ ეთანხმება აუდიტის დასკვნას მან უნდა გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში,“-განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების პოლიტიკური აქტივისტების დასაქმებაზე საუბრობს.

უსუფთავებენ ადგილებს თავის პოლიტიკურ აქტივისტებს, გამომდინარე იქედან, რომ უშუალოდ ბაგა-ბაღებში და მსგავს დაწესებულებებში, ხდება საარჩევნო უბნების ჩამოყალიბება და ამ თანამშრომლების ბაზაზე კომისიების შეკრება, ისინი იგონებენ სხვადასხვა მიზეზებს, თითქოს ვიღაცას აქვს გადახარჯვა, თითქოს ვიღაცას იქ თევზი დაეწვა,“-განაცხადა ზურა მელიქიშვილმა.

ავტორები: თეონა ცხომელიძე.

 

დღის ამბები