ზღვაში მოცურავე გიგანტური ხე BBC-ზეც მოხვდა. სტატიაში, რომელსაც ბრიტანული მედიასაშუალება რუსთავი 2-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით აქვეყნებს აღნიშნულია, რომ ტიტა ხე დაახლოებით ასი წლისაა და ის ქართველმა მილიარდერმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმ პარკისთვის შეარჩია, რომელსაც თავად აშენებს.
სტატიაში განმარტებულია, რომ ხე აჭარის რეგიონში ამოძირკვეს, მაგრამ 650 ტონიანი ხის ტრასპორტირება ადვილი არ იყო. ავტორის თქმით ხის წონიდან გამომდინარე, სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ ბარჟა გადაეადგილებინათ.
სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილის ზოგიერთი ოპონენტი მიიჩნევს, რომ მისთვის არ უნდა მიეცათ ისტორიული ხეების გადატანის უფლება. ავტორი ასევე საუბრობს იმ საპროტესტო აქციებზე, რომელიც ციხისძირში იმართებოდა და აღნიშნავს, რომ პროტესტი თებერვალში დაიწყო. სტატიაში ასევე მოყვანილია ივანიშვილის სიტყვები, რომელიც მან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უთხრა და ასევე განუმარტა, რომ სანაცვლოდ ადგილზე 10 ხის დარგვას უზრუნველყოფდა:
"მე ვაშენებ პარკს, რომლისთვისაც ჩემი აზრით ეს ხე შესაფერისი იქნება."
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ უზარმაზარი ხის ფოტოები, სოციალური მედიის მომხმარებლებს შორის გავრცელდა და მოყვანილია ის ფრაზები, რომლითაც მომხმარებლები ხის გადატანის პროცესს ახასიათებდნენ.
"მოცურავე ტიტა ხის ფოტოები სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებლისთვის გასართობის გახდა. ზოგი მოიხსენიებდა მას როგორც "მოცურავე ხეს," ზოგი კი ამ პრიცესს "სურეალურს" უწოდებდა. მაგრამ მაშინ როცა ზოგიერთი გადატანის მასშტაბებით შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ, ასევე იყო უამრავი კრიტიკა ივანიშვილის ოპონენტების მხრიდან, რასაც ერთ-ერთი facebook მომხარებელი "იდიოტობას" უწოდებს,"-აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი ივანიშვილს მოიხსენიებს როგორც უჩვეულო ნივთების შემგროვებელს, მათ შორის ეგზოტიკური ცხოველებისა და მოყვანილია მისი სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ "თუ ის გახდება გიგანტური ხეებით შეპყრობილი ეს უკვე სერიოზული თავისტკივილი იქნება მისი ხალხისთვის."