ცოტა ხნის წინ დასრულდა გათავისუფლებული დირექტორების და ფრაქცია რესპუბლიკელების შეხვედრა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რესპუბლიკელების თავმჯდომარემ განაცხადა, არსებობს სისტემური ხარვეზები. ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ შიდა აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე კონკრეტული დირექტორები თანამდებობიდან არ უნდა გათავისუფლებულიყვნენ.
“ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ სააგენტო ვერ გათავისუფლდა ხელისუფლების წინა მეთოდებისგან და ის არა პარტნიორია დღეს ბაღის დირექტორების, არამედ ემსგავსება სამწუხაროდ სადამსჯელო ორგანიზაციას, რომელიც სჯის დირექტორობას. ჩვენ არ ვთვლით, რომ წარმოდგენილ დასკვნებში ხარვეზების საფუძველზე უნდა მომხდარიყო ერთბაშად რვა დირექტორის გათავისუფლება, შესაძლებელი იყო შესწავლა პრობლემების უკეთესად. ჩანს, რომ ჩვენ გვაქს სისტემურ ხარვეზთან პრობლემა და არა კონკრეტულ ერთ ბაღთან,„ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
215-ე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორის ხატია ლაშქარაშვილის თქმით, ისინი შეხვედრით კმაყოფილები არიან.
“შედგა ძალიან საქმიანი შეხვედრა. ჩვენ კონკრეტულად გავაცანით ბაგა-ბაღების სააგენტოში არსებული პრობლემები, ვართ კმაყოფილი. მათ მოისმინეს ჩვენი არგუმენტები და სავარაუდოდ ამ ყველაფერს მოჰყვება რეაგირება“ – აღნიშნა ლაშქარაშვილმა.
ბაგა-ბაღების დირექტორების პრეტენზიებს უპასუხა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა ბადრი გიორგიძემ და აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღებში აღმოჩენილია დარღვევები.
“რიგ ბაღებში აღმოჩენილი იქნა რიგი დარღვევები, რაც შეეხება სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას და ასევე კვებისათვის განკუთვნილი, კვების პროდუქტების ზედმეტად ჩამოწერის ფაქტებს, თითოეულ ბაღში რომელზეც ჩვენმა სამსახურმა გააკეთა რეკომენდაცია და მისცა რეკომენდაცია სააგენტოს, დირექტორების გათავისუფლებაზე აღმოჩენილი იქნა ზედმეტად ჩამოწერის ფაქტები, თანხობრივად 20-დან 35 ათასი ლარის ფარგლებში“ - აღნიშნა გიორგაძემ.
ავტორი: ეკო მაღრაძე