საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ბელგიის მთავრობას და ბელგიელ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
გიორგი მარგველაშვილმა თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს თანაგრძნობა გამოუცხადა.
„შეძრწუნებული ვარ იმ საშინელი ტრაგედიით, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ქალაქში, ბრიუსელში მოხდა. ტერორიზმი აბსურდულია და მიმართულია ყოველგვარი ადამიანურის, ჰუმანურის ან ცივილიზებულის წინააღმდეგ. გულწრფელად ვგლოვობ დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად და გიცხადებთ ჩემი და ქართველი ხალხის თანადგომას“- აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.