კამპანია ეს შენ გეხება, უმრავლესობის წევრების თამაზ მეჭიაურის და დავით ლორთქიფანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
„ეს განცხადებები არის ფაქტობრივად იმ დანაშაულის ლეგიტიმაცია, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი. დეპუტატები ფაქტობრივად არიან იმ ქმედებების თანამონაწილენი, რომელთა მიზანს კონკრეტული პირების და საზოგადოების შანტაჟი წარმოადგენდა. ჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნულ პირებს არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი ხედვა, ასეთი ტიპის დანაშაულებთან მიმართებაში. მათი განცხადებები ჩრდილს აყენებს მთავრობის მეთაურის, საქართველოს პროკურატურის და სხვა მაღალჩინოსანთა განცხადებებს, აღნიშნულ ფაქტების ეფექტური გამოძიების საჭიროებასთან დაკავშირებით. ასევე ვფიქრობთ, რომ დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები ცალსახად წარმოადგენს უკვე ჩადენილი თუ სავარაუდოდ დაანონსებული დანაშაულების გამართლებასა და წახალისებას,” - ნათქვამია განცხადებაში.
კამპანია ეს შენ გეხება მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, ხოლო დეპუტატებმა საჯარო ბოდიში მოიხადონ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა თქვა, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან ხელისუფლების კავშირს გამორიცხავს, მაგრამ მიაჩნია, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებზეც მაკომპრომატირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ.