ბაღების გათავისუფლებულ დირექტორებს იმ შეხვედრაზე დასწრება სურდათ, რომელსაც რესპუბლიკელები ბაღების სააგენტოსა და შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებთან მართავდნენ. ფრაქციის ინიციატივით გამართული შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. რესპუბლიკელები გათავისუფლებულ დირექტორებს შეხვედრას ცალკე დაპირდნენ.
დაპირებული შეხვედრა გათავისუფლებულ დირექტორებთან მას შემდეგ შედგა, რაც რესპუბლიკელებმა ბაღების სააგენტოსა და შიდა აუდიტის სამსახურების ხელმძღვანელებს მოუსმინეს. ინფორმაციის მიღების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარემ ბაღების სააგენტო და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გათავისუფლებების შესახებ ღიად გააკრიტიკა.
ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის ოფიციალური განმარტება მიუღებელია აღსაზრდელების მშობლებისთვისაც. მათ დირექტორების გათავისუფლება ჯერ მერიასთან აქციით გააპროტესტეს, შემდეგ კი საკრებულოში გადაინაცვლეს. მშობლებს ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში მოუსმინეს. ოპოზიცია დირექტორების გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს.
ყოფილი დირექტორები გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა მანამდე მშობლებთან ერთად პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ.
ავტორი: ეკო მაღრაძე