საყდრისის გადარჩენის კომიტეტი მცხეთის არქეოლოგიური ბაზის გაყიდვას აპროტესტებს.
კულტურული მემკვიდრეობის დამცველების განცხადებით, მეცნიერები, რომლებიც მცხეთა-არმაზის ტერიტორიაზე გათხრებს აწარმოებენ, შესაძლოა, მალე სამუშაო ადგილის გარეშე აღმოჩნდნენ. ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება უახლეს აღმოჩენებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების ინფორმაციით, არქეოლოგიური ბაზის ნაცვლად სასტუმრო უნდა აშენდეს. ტერიტორია კი ინვესტორს ირაკლი ღარიბაშვილმა სიმბოლურად ერთ ლარად გადასცა.
„არსებობს დოკუმენტი, ეს არის მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, ბრძანება, რომლის თანახმადაც, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, გადასცა ინვესტორს, რომელიც ტერიტორიაზე აპირებს სასტუმროს აშენებას აპირებს და უშუალოდ სადაც ეს ბაზაა, იქ ამ სასტუმროს ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება,“ - აცხადებენ აქციის წევრები.
ინვესტორი სასტუმროს მშენებლობას ადასტურებს. თუმცა ამტკიცებს, რომ ის აპირებს სანაცვლოდ ახალი ბაზის აშენებას, რომლის შემდეგაც მოხდება ძველი შენობის დანგრევა.