რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფომ მცხეთაში სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, ტერიტორია გაასხვისა, რომელზეც მცხეთის სამეცნიერო არქეოლოგიური ბაზაა. აქ მეცნიერები წლებია, ქალაქის არქეოლოგიურ აღმოჩენებზე მუშაობენ.
სამეცნიერო დანიშნულების მქონე ტერიტორიის გასხვისება დღეს მცხეთაში აქციით გააპროტესტეს.
ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ინვესტორს კი არქეოლოგიური ბაზის სანაცვლოდ არმაზისხევში ახალი სამეცნიერო ცენტრის აშენებაც დაევალა. თუმცა, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები არასანდო და საეჭვო სახელშეკრულებო პირობებზე მიუთითებენ.
იმ შემთხვევაში თუკი ინვესტორი ახალი ბაზის აშენებას გადაიფიქრებს, ჯარიმის სახით მხოლოდ 50 ათასი ლარის გადახდა მოუწევს, რაც, მათი თქმით, ბევრად ნაკლებია, ვიდრე ახალი არქეოლოგიური ცენტრის მშენებლობას დასჭირდება.
მცხეთაში გასხვისებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში განმარტებას არ აკეთებენ. განმარტებაზე დღეს უარი თქვეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოშიც.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე