კამპანია ეს შენ გეხებას წევრები ფარული კადრების გავრცელებაზე დროულ გამოძიებას მოითხოვენ და პროკურატურას ინფორმაციის დაფარვაში ადანაშაულებენ.
კამპანიის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ წუთებში ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში არიან შეკრებული. ისინი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების თემაზე მსჯელობენ და გამოძიების დაჩქარებას მოითხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პარლამენტის დეპუტატებსაც უკავშირდება. ლაპარაკია თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის დაკითხვაზე - რომლებმაც პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.
“ეს თემა, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებისთვის დამატებითი ინფორმაცია რატომ არის ცნობილი და საიდან შეიძლება ეს იყოს ცნობილი, უნდ გახდეს პროკურატურის მხრიდან შესწავლის საგანი. თუმცა მათ როგორც პარლამენტის წევრებს, სხვა რეჟიმი მოქმედებს მათთან მიმართებაში. საზოგადოება კვლავ არის ინფორმაციულ ვაკუუმში, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, არსებობს თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი და რა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აქვს სახელმწიფოს“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის თქმით, პროკურატურამ დეპუტატებისგან მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განცხადებები შეიძლება იყოს იმის მიმანიშნებელი, მათ შორის პროკურატურისთვის, რომ ამ დეპუტატების მხრიდან მეტი ინფორმაციია მიიღოს. ვინაიდან გამოძიების პროცესიც იქით მიმდინარეობს, ვინ რას ფლობს და ვის რაზე მიუწვდება ხელი" - აღნიშნა დევდარიანმა.
ავტორი: ანა წერეთელი