20 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
გორის რაიონის სოფლებში შესაძლოა საბავშვო ბაღები დაიხუროს

დაიხურება თუ არა გორის რაიონის სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის ქალაქის საბავშვო ბაღები-ეს საკითხი საკრებულოს სხდომის შემდეგ გაირკვევა, რომელიც პირველ აპრილს არის ჩანიშნული. თვითმმართველობის ორგანომ საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივაზე უნდა იმსჯელოს, რომელიც ამ კატეგორიის მოზარდებისთვის დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს. ილია მეტრეველის წინადადება მშობლების პროტესტის პარალელურად უთანხმოების მიზეზი გახდა, თავად თვითმმართველობის ორგანოში.

პროექტს აბსურდულად მიიჩნევს ქალაქის გამგებელი. მისი განმარტებით, ბაღები ცენტრალური ხელისუფლების მიერ არის სუბსიდირებული და დამატებითი ფინანსების მოძიების საჭიროება არ არსებობს.

განკარგულების პროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქალაქ გორის მერიც. მისი განმარტებით, ინიციატივაზე თავიდანვე უარყოფითი დასკვნა დადო. თუმცა აქვე განმარტეს, რომ გასულ წელს მუნიციპალიტეტს სთხოვა ამ კატეგორიის ბავშვებისთვის დაფინანსება გამოეყოთ, თუმცა უარი მიიღო. წელს კი, აზრი შეიცვალა და მიიჩნევს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.

განკარგულების პროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში პრობლემები არამარტო გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს, არამედ ქალაქში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მიღებული ოჯახების სკოლამდელ აღსაზრდელებსაც შეექმნებათ. პროექტს კენჭს საკრებულოში პირველ აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე უყრიან.

ავტორი: მარიამ ჭოხონელიძე

დღის ამბები