20 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
"პირადი ცხოვრების კადრებით დამემუქრნენ", - მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი ვაგიფ აქპეროვი

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ზეწოლაში ადანაშაულებს. ვაგიფ აქპეროვი კონკრეტულ ფაქტზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2013 წელს თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია და ის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა აიძულეს ეს გადაწყვეტილება მიეღო.

”ხელმძღვანელობასთან, სადაც შემიყვანეს, ჩანდა, რომ მაღალჩინოსანია, რომ დავჯექით პირველი მითხრა, რომ ხვალიდან შეიხი არა ხარ და მეორე თანამშრომელმა მითხრა, მერე რა ახლა მიშა წავიდა და ხელისუფლება შეიცვალა და შენ რომ წახვიდე რა იქნება. გამიკვირდა და მითხრეს ნუ გეშინიაო, სამსახურს მოგცემთ და თანამდებობას, ხელფასს, მანქანა და ასე შემდეგ. მაგრამ უნდა გადახვიდეო. როცა ვთქვი, რომ არ დავწერდი, მაშინ მუქარა იყო, პირადი ცხოვრების კადრებით დამემუქრნენ“, - განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხმა ვაგიფ აქპეროვმა.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტის შოთა თუთბერიძის თქმით, დარღვეულია ადამიანის რამდენიმე ძირითადი უფლება.

“იმ ფაქტების მიხედვით, რაც დღეს გვაქვს, დარღვეულია ადამიანის რამდენიმე ძირითადი უფლება. მათ შორის, ეს არის აზრის და გამოხატვის თავისუფლება, რაც არის უმნიშვნელოვანესი და ეს არის შრომის თავისუფლება“, - აღნიშნა თუთბერიძემ.

სახალხო დამცველის პრესსპიკერის თქმით, ამ საქმეზე სახალხო დამცველმა მუშაობა ნახევარი წლის წინ დაიწყო.

“ამ საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით ნახევარი წლის წინ დაიწყო, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ ჯერ კიდევ ოქტომბერში გვქონდა კომუნიკაცია აღნიშნულ პიროვნებასთან, თუმცა მან სახალხო დამცველის აპარატს საქმის დეტალები არ მოაწოდა იმ პერიოდში. გუშინ შემოვიდა საქმის მასალები და სახალხო დამცველი განაგრძობს ამ საქმეზე მუშაობას“, - განაცხადა ანა თამაზაშვილმა.    

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი 

დღის ამბები