პროტესტის ახალი ტალღა უნივერსიტეტში. სტუდენტური თვითმმართველობა შიმშილობას იწყებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორის გადადგომას ითხოვს.
თვითმმართველობის წევრები აცხადებენ, რომ მათ ამოწურეს მოლაპარაკებების რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ აკადემიურ საბჭოს მათი ბრალდებების საფუძველზე დაწყებული აქვს უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას საქმიანობის შესწავლა, ისინი აცხადებენ, რომ არ ენდობიან საბჭოს და არ აპირებენ დაელოდონ მოკვლევის პროცესს.
"ჩვენ, მე და ჩემი მეგობრები თავს შევაკლავთ იმას, რომ უნივერსიტეტში აღდგეს სამართლიანობა, აღარ მოხდეს კონკრეტული პირების იმპორტი, რომლებიც მანკიერ წარსულთან ასოცირდებიან,“ - აცხადებს ბახვა კვირიკაშვილი.
დღეს საღამოს 7 საათიდან პირველ ეტაპზე შიმშილობას შვიდი სტუდენტი დაიწყებს და ისინი ღამე თსუ-ს შენობაში დარჩებიან.