20 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
ასწლოვანი ტიტის შემდეგ იგივე გზის გავლა ასწლოვან კვიპაროსებს მოუწევთ

ყოფილი პრემიერი ციხისძირიდან კიდევ ორი გიგანტური ხის შეკვეთილში გადატანას გეგმავს. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი, რუსთავი2-თან საუბრისას აცხადებს, გიგანტური ჯიშის 100-წლოვანი კვიპაროსების გადატანა მას შემდეგ მოხდება, რაც ასწლოვანი ტიტა დანიშნულების ადგილს მიაღწევს.

„ასწლოვანი ტიტა დანიშნულების ადგილამდე ჯერ ვერ მიიტანეს. მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, სავარაუდოდ, დაიწყება 2 კვიპაროსის გადასატანად შესაბამისი სამუშაოები,“ - აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ორივე კვიპაროსი ლენტით არის შემოვლებული და ხეებთან მისასვლელი გზის მშენებლობაც დაწყებულია.

ელგუჯა ბაგრატიონის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა აჭარის მთავრობისგან ეს ორი ასწლოვანი კვიპაროსი უკვე შეიძინა.

ასწლოვანი ტიტის შემდეგ, იგივე გზის გავლა კიდევ ორ გიგანტურ კვიპაროსს მოუწევს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შესაბამისი სამუშაოების დაწყებას ამ ეტაპზე ამინდები უშლის ხელს. 

დღის ამბები