20 ნოემბერი 2024,   03:00
ვრცლად
"რუსთავი2"-ის საქმე-პროცესი სააპელაციო სასამართლოში სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დღეს ტელეკომპანია საქართველოს ქონებაზე დადებული ყადაღა განიხილეს.  სააპელაციო სასამართლოში TV საქართველოს ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე თვის წინ საქართველოს წილები მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დააყადაღა.

ადვოკატებმა მოსამართლეთა კოლეგიას არგუმენტები წარუდგინეს.

„ყადაღა სარჩელის უზრუნველყოფის სახით ემსახურება სწორედ იმას, რომ შესაძლებელია მომავალში დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა და იმისათვის, რომ არ გახდეს რთული ამ მოთხოვნის აღსრულება, სწორედ ამ მიზნით ედება კონკრეტულ ქონებას ყადაღა. ვინაიდან მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული 3 ნოემბერს, გაუგებარია მოსამართლემ რატომ დატოვა ძალაში, ეს ყადაღა, როცა მან თავადვე არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. ვფიქრობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს აქვს, ყველა ის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მისცემს მას საშუალებას, გააუქმოს მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული ეს უკანონო განჩინება,“-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

რუსთავი 2-ის იურისტების არგუმენტებს არ ეთანხმება ქიბარ ხალვაშის ადვოკატი. პაატა სალია ამბობს, რომ ხელშეკრულება შეიცავდა ისეთ დათქმებს, რომელიც მომავალში შესაძლოა საზიანო ყოფილიყო ტელეკომპანიისთვის.

„ეს ხელშეკრულება ჩვენი აზრით, შეიცავდა ისეთ დათქმას, რომელიც მომავალში შესაძლოა საზიანო ყოფილიყო ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის. მაგალითად საუბარი იყო იმაზე, რომ მესამე პირი, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე 6 მილიონს ჩუქნიდა რუსთავი 2-ს , არ არსებობს ასეთი გარიგება ბიზნესში“-განაცხადა პაატა სალიამ.

დღეს გამართულ პროცესზე განცხადება გააკეთა, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა. ნიკა გვარამიამ განვითარებულ მოვლენებზე და საქმეში ძმები ყარამანაშვილების დაინტერესების მიზეზებზე ისაუბრა.

„კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მთელი კომპანიის ყოფნა-არყოფნის საკითხი და ჩამოშლა მისი ფინანსური სტაბილურობისა, ვგულისხმობ რეალურად მათ შორის მისი ეთერის შეწყვეტასაც. მათ გააკეთეს ჩემი აზრით სწორი არჩევანი, მათ გადაწყვიტეს დაეთმოთ მინიმალურ ფასად საკუთარი წილები, ამ კონტრაქტის საერთო ჯამური ღირებულება არის 6 მილიონ 400 ათასი, ამიტომ იყვნენ ამ ყველაფრით დაინტერესებულნი ძმები ყარამანაშვილები, რომ 6 მილიონი დოლარით იზრდებოდა მათი კაპიტალიზაცია, რომელშიც ისინი წარმოადგენდნენ თუ არ ვცდები 40%-ს,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

დღის ამბები