განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე აუდიტორია 115-ის სტუდენტებს ხვდება. ძირითადი საკითხი, რაზეც სტუდენტები განათლების მინისტრთან მსჯელობენ, არის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სისტემის ცვლილება.
“ჩვენი ინიციატივა მოიცავს რამდენიმე ცვლილებას, რომელიც ეხება სტუდენტური თვითმმართველობის უფლებამოსილების შეზღუდვას, აკადემიური საბჭოს არჩევნებში, შეზღუდვას ხარჯებში, სადაც ეს მონოპოლიურად იყო წარმოდგენილი,“ - განაცხადა აუდიტორია 115-ის წევრმა ირაკლი კუპრაძემ.
თამარ სანიკიძის განცხადებით, სტუდენტურ თვითმმართველობაში ცვლილებები შევა.
„რაც შეეხება თვითმმართველობის რეფორმას, ამას ჩვენც დავთანხმდით, რომ რადგანაც ეს ასეთი მწვავე თემა იყო და რადგან ეს იყო ის საკითხი, რომელმაც სტუდენტებს შორის ასეთი დაპირისპირება გამოიწვია, დიდი სურვილი გვაქვს, რომ საკითხები დროულად გადაწყდეს,“- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 4 საათიანი შეხვედრა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. როდის აირჩევენ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ჯერ კიდევ უცნობია.
განხილვა ხვალ გაგრძელდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველი ივნისის ნაცვლად, აკადემიური საბჭო უფლებამოსილებას 15 მაისს შეიჩერებს.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.