პატრიარქი ევროკომისარს ევროპაში მყოფი ქართველი არალეგალების ლეგალიზაციას სთხოვს. ამ თხოვნით ილია მეორემ ევროკომისარს დიმიტრი ავრამოპულოსს საპატრიარქოში გამართული შეხვედრისას მიმართა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ევროკომისარი საპატრიარქოში თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო და მას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხში დახმარების თხოვნით მიმართა.
"ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ საქართველო იყოს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების წევრი. ჩვენ მადლობლები ვართ, რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოსთვის. საქართველოს სჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენ არ გვაქვს აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ეს არის ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე და ჩვენთვის ეს დიდი ტკივილია," - განაცხადა პატრიარქმა შეხვედრაზე.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მალე მიიღებს და სტუმარს თხოვნითაც მიმართა, რომ ქართველმა არალეგალებმა ლეგალიზაცია მიიღონ.
"ჩვენ გვაქვს ერთი თხოვნა თქვენთან. ამ პერიოდში მრავალი ქართველი ახალგაზრდა წავიდა ევროპაში და არალეგალურად ცხოვრობენ იქ. ეს ართულებს მათ ცხოვრებასაც და ჩვენს ცხოვრებასაც. მათ არ შეუძლიათ თავისუფლად მიმოსვლა სამშობლოში. ამ არალეგალებმა ლეგალიზაცია უნდა მიიღონ. თუ შესაძლებელი იქნება ეს გაკეთდეს, ჩვენ ძალიან მადლობლები ვიქნებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასეთ მაღალ თანამდებობაზე მართლმადიდებელი ადამიანი ბრძანდება," - განაცხადა პატრიარქმა.