დავით ნარმანიას ფიტული თავდაყირა სამშენებლო ქვიშაში მერიის შენობის წინ ჩამარხეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები და მერიის ურბანული პოლიტიკა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა დავით ნარმანიას ჩამარხულ ფიტულს სიმბოლურად ის მშენებლობის ნებართვებიც დაურთეს, რომელიც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გასცა.
მერიას უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ ქალაქის მცხოვრებლები.
მრავალსართულიანი შენობა, რომლის აშენებასაც აფაქიძის 11 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა უკვე ერთ წელზე მეტია, აპროტესტებს, მათი საცხოვრებელი კორპუსიდან სამი მეტრით არის დაშორებული. ადგილობრივები ამ ადგილას პარკის მოწყობას ითხოვდნენ.
მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიას ნებართვა ამ დრომდე არ შეუჩერა.
ადგილობრივები საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით გეგმავენ.
დედაქალაქში ქაოტური ურბანიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ ურბანისტები. მათი განცხადებით, მიმდინარე მშენებლობებზე კოეფიციენტები დასაშვები ნორმებს სამჯერ აღემატება, რაც საბოლოოდ ქალაქის დეფორმირებას იწვევს.
კიდევ ერთი აქცია მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის წინააღმდეგ საკრებულოსთან გაიმართა.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე