10 წლის გიორგი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვია, შესაბამისად სკოლაში გამუდმებით, სპეციალური მასწავლებლის მეთვალყურეობას საჭიროებს.
ის უკვე მესამე კლასშია და მეზობელ სოფელში სწავლობს. დედა გიორგის თითქმის ყოველ დღე სკოლაში დაჰყვება, რათა დიდი პრობლემისგან-თანატოლების დაცინვისგან დაიცვას.
ის, რომ გიორგი დაცინვის მსხვერპლია, კლასის დამრიგებელმაც იცის. ამის მიუხედავად, მშობლის მეთვალყურეობა სკოლაში მაინც აუცილებელია. პედაგოგი პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებს. ბავშვებთან საუბარსა და საკითხის ახსნას სხვა გზას არჩევს. არადა სკოლაში გიორგის გარდა სპეციალური საჭიროების მქონე კიდევ ორი ბავშვი სწავლობს. დამრიგებლისგან განსხვავებით სხვა პედაგოგები გიორგის ჩაგვრის ფაქტს არ აღიარებენ.
გიორგის სწავლისა და უკეთესი მომავლის იმედი ნოზაძეებსაც ჰქონდათ, თუმცა ახლა ბავშვის სკოლიდან გამოყვანაზე ფიქრობენ. ირმა ამბობს, რომ ამ გზით მოხსნის დაცინვის პრობლემას, შვილს უფრო მეტ ხანს ამეცადინებს სახლში და თავიდან აირიდებს საფრთხეს, რაც ყინვასა და თოვლში ფციდან - ღოღეთამდე 7 კილომეტრის მანძილის გავლისას ხვდებათ ხოლმე, რადგან მათ სოფელში სკოლა არ არის.
ავტორი: რუსუდან დათუკიშვილი.