მაესტრო გაიფიცა. დილის 12:00 საათზე საინფორმაციო გამოშვება მაესტროს ეთერში არ გავიდა. საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა პროტესტის ნიშნად გადაღებებზე გასვლაზე უარი თქვეს. ისინი ფინანსური პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. პროტესტიდან რამდენიმე საათში მათთან გია გაჩეჩილაძე მივიდა, თითქმის 1 საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ გაჩეჩილაძემ გაფიცვა კატეგორიულად უარყო.
გაჩეჩილაძის მტკიცების მიუხედავად, მაესტროზე გადაცემები რომ ეთერში არ გავიდოდა მასთან შეხვედრამდე დაანონსეს, ბიზნესკონტაქტის ფეისბუქ გვერდზე კი ამის ერთ-ერთ მიზეზად რთული ფინანსური პრობლემები დასახელდა. შეხვედრის შემდეგ მაესტროს ფინანსური დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხვალიდან დაგვიანებული ხელფასების ჩარიცხვა დაიწყება, თუმცა ვინ დაფარავს დავალიანებას ჯერ მისთვისაც უცნობია.
დღეს დაწყებული დაპირისპირება იქნება ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომლის მოგვარებაც არხის ახალ გენერალურ დირექტორს მოუწევს. სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი, რამდენად მისაღებია გაჩეჩილაძეების მიერ დასახელებული ზურაბ ნაყეურის კანდიდატურა მაკა ასათიანისთვის და მაესტროს თანამშრომლებისთვის.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.