ზუგდიდში ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ამი 2014 –ს მუშები უკვე თვეებია სახელფასო დავალიანების სრულად გადახდას სთხოვენ. 40–მდე მუშა რამდენიმე თვის განმავლობაში ქალაქში ტროტუარებზე ქვაფენილების დაგების სამუშაოებს ასრულებდა. მათი ინფორმაციით, ამი 2014–ში დასაქმებამდე ისინი სარემონტო სამუშაოებს რამდენიმე დღე ზუგდიდის ვიცე–მერის საცხოვრებელ სახლშიც ატარებდნენ. მუშები ახლა შესაბამის ანაზღაურებას ზუგდიდის ვიცე-მერსაც სთხოვენ.
მათი განცხადებით ვიცე–მერის სახლში ჩატარებული 3 დღიანი სამუშაოების თანხის დაფარვას მათ კომპანია ამი 2014–ის დირექტორი ამირან კარტოზია დაპირდა.
მუშების მოტყუებაში ვიცე-მერს ნაციონალური მოძრაობის წევრები ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვიცე-მერი, გია გულორდავა ლობირებდა.
კომპანია ამი 2014–ის ლობირებას ზუგდიდის ვიცე-მერი უარყოფს. მისი განცხადებით, სამდღიანი სამუშაოების ანაზღაურება მან მუშებს შუამავლის მეშვეობით გადაუხადა და ის კომპანია ამი 2014–ის წარმომადგენლი არ ყოფილა.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.