არასამთავრობო სექტორი გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებას აფასებს და აღნიშნავს, რომ პროცესის ქართული მხარის სასარგებლოდ დასრულებაში გადამწყვეტი როლი საზოგადოების აქტიურმა საპროტესტო ტალღამ ითამაშა.
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის თქმით საზოგადოებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. რუსეთმა კი დაინახა, რომ საქართველოზე ზეწოლის მოხდენის ამ ფორმით ის ქართველ ხალხში მერ აგრესიას და უარყოფით მუხტს დანერგავდა.
ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც გაფორმებული ხელშეკრულების საბოლოო პირობების მიღებას ასევე საზოგადოებას უკავშირებს.
„ამ საკითხზე მიბრუნება არ არის გამორიცხული და საზოგადოების მუდმივი პრინციპული პოზიცია მუდამ იქნება ამ საკითხზე ზეწოლა ხელისუფლებაზე,“-აღნიშნა ხოშტარიამ.
არასამთავრობო სექტორში ასევე აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი მედიაა, რომელიც აღნიშნული საკითხის აქტიურად გაშუქებით გარკვეულ ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაზე.