ბაღებიდან გათავისუფლებული დირექტორების პროტესტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები უერთდებიან. ისინი იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომლებიც შესაძლოა ახალი ხელმძღვანელების პირობებში მათ შვილებს შეექმნათ. დღემდე თბილისის 3 სკოლამდელ დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების სპეციალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც გათავისუფლებული დირექტორების ინიციატივით შეიქმნა.
დაპირების მიუხედავად, მშობლებს დავით ნარმანია არ შეხვედრია. თბილისის მერი არაერთი თხოვნის მიუხედავად არც ყოფილ დირექტორებთან გეგმავს შეხვედრას. ნარმანიას განცხადებით, საკადრო გადაწყვეტილებები მისგან დამოუკიდებლად განხორციელდა.
მშობლები და გათავისუფლებული დირექტორები ამ საკითხით დაინტერესებას უჩა ნანუაშვილისგან ითხოვენ. ყოფილმა ხელმძღვანელებმა შესაბამისი წერილი ომბუდსმენის ოფისში ჩააბარეს.
20-ზე მეტი საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. ისინი სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
ავტორი: ეკო მაღრაძე.