„მე ვადასტურებ საჯაროდ, რომ ჩემს მიმართ ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროება, იმჟამინდელი ჩემი უფროსის, შალვა რამიშვილის მხრიდან,“ - ეს განცხადება ტელეკომპანია იმედის ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ სპეციალურ (ტასო ბარნოვა) პრესკონფერენციაზე გააკეთა.
თათია სამხარაძის განცხადებით, აღნიშნულმა ფაქტმა სისტემური ხასიათი მიიღო, რის შემდეგაც ის იძულებული გახადა სამსახურიდან წასულიყო. სამხარაძის თქმით, ის შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
როგორც ტელეკომპანია იმედის ყოფილმა თანამშრომელმა განმარტა, მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროვების შესახებ ინფორმაცია იმედის დირექტორს, გიორგი ბახტაძესაც ჰქონდა.
მისვე თქმით, არსებობს აუდიოჩანაწერი, რომელიც ამჟამად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია და გადაეცემა მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს.
„ჩანაწერი შეიცავს აღიარებას, რომ ჩემზე ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროება მუქარით, რომ ჩემი კარიერა დასრულდებოდა არა მხოლოდ ტელეკომპანია იმედში, არამედ სხვა ტელევიზიებშიც,“ - აღნიშნა თათია სამხარაძემ.