20 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
საიდუმლო ამერიკული დოკუმენტები 9 აპრილზე

IDFI-მა (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) 9 აპრილთან დაკავშირებით   აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცულ საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა.

დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დოკუმენტები, რომლებიც ეხება საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებს და რომლებიც წლების განმავლობაში საიდუმლო გრიფით ინახებოდა აშშ-ის სახელმწიფო არქივებში, IDFI-ის თხოვნით გამოითხოვა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პარტნიორმა ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა ეროვნული უსაფრთხოების არქივმაგამოითხოვა. 

"დოკუმენტები ეხება არა მარტო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, არამედ იმ პოლიტიკურ დაძაბულობას, რომლის პიკიც იყო 9 აპრილის ტრაგედია. ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნდება შეერთებული შტატების სახელმწიფო არქივებში დაცული და გასაიდუმლოებული დოკუმენტები საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ," - ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში. 

დოკუმენტებში განხილულია 1989 წლის 9 აპრილამდე განვითარებული მოვლენები, რომლებმაც სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიეს (3 დოკუმეტი); 9 აპრილის ტრაგედიისა და მისი თანმხლები მოვლენების ანალიზი (5 დოკუმენტი). 

ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დოკუმენტია ლენინგრადში შეერთებული შტატების საკონსულოს ოფიცრის 1989 წლის 27 მაისს თბილისში ვიზიტის ამსახველი მოხსენება, რომელშიც გადმოცემულია საკონსულოს წარმომადგენლის და ეროვნული მოძრაობის ლიდერ ზვიად გამსახურდიას შორის გამართული საუბრის შინაარსი. 

"ისტორიულ დოკუმენტში კარგად არის ასახული ეროვნული მოძრაობის ლიდერის დამოკიდებულება 9 აპრილის დარბევის, საქართველოს დამოუკიდებლობის პერსპექტივებისა და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ საბჭოთა საქართველოში დაწყებულ ისტორიულ ძვრებს, თუმცა არ ჰქონდათ ადგილზე მიღებული ფაქტობრივი ინფორმაცია და მეტწილად ეყრდნობოდნენ საბჭოთა და საერთაშორისო პრესის მიერ წარმოდგენილ ცნობებს," - ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში. 

დღის ამბები