ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურას ჩვენებას ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი აძლევს. ელისო კილაძემ გამოძიებას ინფორმაცია გუშინ დაკავებული კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან, ვაჟა ლელუაშვილთან, დაკავშირებით უნდა მიაწოდოს.
კილაძე არ გამორიცხავს, რომ ლელუაშვილის წინააღმდეგ დაიწყოს კიდევ ერთი გამოძიება. კილაძე ამბობს, რომ მას აქვს კიდევ ჩანაწერი, რომელიც, მისი ვარაუდით, ჩაწერილია ვაჟა ლელუაშვილის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ირკვევა, რომ ლელუაშვილი გარკვეული თანხის სანაცვლოდ ზეწოლას ახორციელებდა ერთ-ერთ ბიზნესმენზე.
“ჩვენს არქივში ინახება ერთი ძალიან საინტერესო ვიდეოფირი. გაგიკვირდებათ და ეს ვიდეო გადაღებულია ვაჟა ლელუაშვილთან სახლში. ფირის არსებობა თავისთავად უკვე ნიშნავს დანაშაულს იმიტომ, რომ ის უკანონოდ იწერდა პირს, რომელსაც ესაუბრება. მე არ ვიცი, ვინ არის ის ბიზნესმენი და, ალბათ, პროკურატურა ამას დაადგენს. საუბარია წილების გაფორმებაზე, 150 ათას დოლარზე და რაღაც ქონების დათმობაზე და დაბრუნებაზე. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ერთადერთი ინფორმაცია, რაც მაქვს, გახლავთ ის, რომ ვაჟა ლელუაშვილი გამუდმებით თან დაატარებდა ლეპტოპს, რომელშიც ჰქონდა ეს არქივი,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.