NDI-მ დღეს თავისი კვლევის სოციალურ-ეკონომიკური ნაწილი გამოაქვეყნა. ოთხშაბათს იგეგმება პოლიტიკური კვლევის მონაცემების გასაჯაროვება. კვლევაში 3 900 რესპოდენტი მონაწილეობდა და ის თებერვალ-მარტში ჩატარდა.
გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს. NDI-ის კვლევის მიხედვით ამ პოზიციას გამოკითხულთა 58% აფიქსირებს. 37% კი აცხადებს, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.
NDI-ს კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 66% აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია - მხოლოდ 3% აცხადებს, რომ ქვეყანაში კარგი ეკონომიკური მდგომარეობაა.
იმ 66 პროცენტიდან, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა, 81 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი ახლანდელი მთავრობის შეცდომებია, წინა მთავრობის შეცდომებს მიზეზად გამოკითხულთა 59 პროცენტი ასახელებს, გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებს კი მიზეზად 53 პროცენტი ასახელებს.
NDI-ს კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობაში ოპტიმისტური განწყობები ნაკლებადაა - კითხვაზე, "რა შეიცვლება თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაში შემდეგი ერთი წლის განმავლობაში?" მოლოდინები ასეთია: 48 პროცენტი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა იგივე დარჩება, 13 პროცენტი მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ გაუარესდება და მხოლოდ 19%-სმიაჩნია, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდება.