20 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
სტუდენტების ხმაურიანი აქცია-თბილისის მერმა პოზიცია შეცვალა და მშენებლობა დროებით შეჩერდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ მძიმე ტექნიკამ სამშენებლო სამუშაოები დღის მეორე ნახევარში შეაჩერა. სამუშაოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება დავით ნარმანიამ, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. დედაქალაქის მერმა პირობა დადო, რომ  ერთი კვირის ვადაში მშენებლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მერის ამ გადაწყვეტილებას წინ სტუდენტების ხმაურიანი საპროტესტო აქცია უძღოდა. აუდიტორია 115–ის წევრები ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომელიც უნივერსიტეტში ლექტორის სტატუსით იმყოფებოდა.

მერთან შეხვედრის შემდეგ აუდიტორია 115–ის წევრებმა მშენებლობის ადგილზე გადაინაცვლეს. სტუდენტების განცხადებით დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურმა სამშენებლო ნებართვა დარღვევით გასცა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა კი განმარტა, რომ კომპანიაში დღეს უკვე ხეების მოჭრის მაგივრად, მათ გადარგვაზე ფიქრობენ.

დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებენ ბუნებისდაცვითი ორგანიზაციის წევრებიც.

გაგრძელდება თუ არა სამშენებლო სამუშაოები გადაწყვეტილების მისაღებად დედაქალაქის მერს 1 კვირა აქვს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ოფისის შენობა უნივერსიტეტის ქუჩაზე, 7 634 კვადრატული მეტრის ფართობზე აშენდება. მშენებლობის დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება.

ავტორები:ვანო გავაშელი, მარიამ შანშიაშვილი.

დღის ამბები