თბილისის მერი დავით ნარმანია მოსახლეობას მიმართავს, ნუ ჩაერთვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაწყებულ პროვოკაციებში. განცხადება ნარმანიამ დღეს გააკეთა. ნარმანია ამბობს, რომ თბილისის მერიის მიმართ ბოლო პერიოდში მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. ოპონენტები კი თბილისის მერს ოპოზიციის მთავარ დანიშნულებას ახსენებენ.
დავით ნარმანიას განცხადების სავარაუდო ადრესატების კიდევ ერთი ნაწილი, მეტი ინფორმაციის მისაღებად დღეს თბილისის მერიასთან მივიდნენ და მერთან შეხვედრა მოითხოვეს. სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლები აცხადებენ, რომ მათი ბოლოდროინდელი აქტივობებიდან გამომდინარე, ნარმანიამ პოლიტიკურად მართულებად სწორედ ისინი იგულისხმა.
თბილისის მერი აღსაზრდელების მშობლებს არც ამჯერად შეხვედრია. მათი საკითხით მხოლოდ საკრებულოს დეპუტატი დაინტერესდა.
გათავისუფლებული დირექტორების ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა რამდენიმე დღეა სასამართლოში გადაინაცვლა. არ არის გამორიცხული მათ პროტესტს 26-ე საბავშვო ბაღის დირექტორიც შეუერთდეს. ოფიციალური ინფორმაციით მიზეზი საბავშვო ბაღში გადამალული ხუთ კილომდე ხორცი გახდა, რომელიც სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა აღმოაჩინა. ამ ფაქტის შემდეგ, სააგენტოში დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს არ გამორიცხავენ.
ავტორები: ეკო მაღრაძე, თემურ ვარაზანაშვილი.