20 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
სტუდენტებს აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი პოზიცია - ვლადიმერ პაპავა აქციაზე მივიდა

სტუდენტების აქცია უნივერსიტეტის VI კორპუსის წინ გრძელდება. ადგილზე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,  ვლადიმერ პაპავა, მივიდა, სადაც მან განაცხადა, რომ სტუდენტებს აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი პოზიცია.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტია, რა ფორმით გამოეხმაურება სტუდენტების მოთხოვნას. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ მან ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს.

“სტუდენტებს ყოველთვის აქვთ უფლება, მოითხოვონ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ხოლო განათლების სფერო მათთვის მნიშვნელოვანია. ახლა შემხვედრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი იმ ადამიანების მიერ, ვისაც ეს ეხება და სტუდენტების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრზეა. ფორმა თვითონ  შეარჩიოს, მაგრამ ვფიქრობ, მას ეს გასაკეთებელი აქვს,“ - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მისვლას და კითხვებზე პასუხს ითხოვენ.

ასევე სტუდენტების ნაწილი 2 საათზე უნივერსიტეტის I  კორპუსის ეზოში აქციას გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებს 10-მდე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. ისინი 4 საათამდე გააგრძელებენ აქციას და პრემიერ-მინისტრის გამოხმაურებას დაელოდებიან.

თუმცა აცხადებენ, რომ, თუ გიორგი კვირიკაშვილისგან გამოხმაურება არ იქნება, ისინი მე-6 კორპუსის წინ აქციას გააგრძელებენ.

დღის ამბები