სტუდენტებმა ისევ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან გადაინაცვლეს. შენობა დღეს, დილის 8 საათზე აუდიტორია 115-ის სტუდენტებმა დაიკავეს, კარი აჭედეს და ამ დრომდე შიგნით არავის უშვებენ.
აუდიტორია 115-ის წევრები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, მანამდე კი უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის პიკეტირებას აგრძელებენ.
ამავე მოთხოვნით დღეს სტუდენტებმა მსვლელობაც გამართეს. უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ჯამში ათამდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა და განათლების სისტემის ძირეული რეფორმის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიისკენ გაემართნენ.
მთავრობის კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სტუდენტებს უწყების თანამშრომელი შეხვდა და პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა შესთავაზა. აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებმა ამ შემოთავაზებაზე უარი რამდენიმე მიზეზის გამო თქვეს.
დღეს მეექვსე კორპუსთან აკადემიური წრეების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
სტუდენტებს შეხვდა დღესვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ვლადიმერ პაპავას თქმით, პრემიერი აქციის მონაწილეების მოთხოვნას უნდა გამოეხმაუროს.
ავტორები: ელენე ფირცხალაიშვილი, თაკო სურგულაძე.