ივანე კაზაროვის საქმეს უკვე სასამართლო იხილავს. ომის ვეტერანმა სამართლებრივი დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე სახელმწიფო უწყებისგან დახმარების ნაცვლად კიდევ უფრო მეტი პრობლემა მიიღო. კაზაროვის განცხადებით პირველი ინსტანცია მერიის ზედამხედველობის სამსახური იყო, რომელსაც მის ნაკვეთზე მეზობლის მიერ წარმოებული უკანონო მშენებლობის გამო მიმართა, სანაცვლოდ კი თავად დაჯარიმდა.
უკანონო მშენებლობა, რომელზეც ივანე კაზაროვი საუბრობს 10 000 ლარიანი ჯარიმის საბაბი გახდა. ომის ვეტერანი ყვება, რომ მეზობელმა ნოდარ სულთანოვმა მისივე მიწაზე უკანონოდ სახლი ააშენა, კაზაროვმა სიტუაციაში გასარკვევად მერიის ზედამხედველობის სამსახური გამოიძახა თუმცა, მერიის წარმომადგენლებმა თავად ომის ვეტერანი 10 000 ლარით დააჯარიმა.
ივანე კაზაროვის ასევე აცხადებს, რომ უბნის ინსპექტორი მათთან ყოველდღიურად მოდიოდა რადგან მერიაში შეტანილი განცხადების შემდეგ მისმა მეზობელმა ნოდარ სულთანოვმა მუქარა დაიწყო. კაზაროვის განცხადებით სულთანოვმა ვეტერანს მისივე ბიძაშვილი მიუგზავნა, რომელიც ოჯახს მოკვლით ემუქრებოდა.
ცემის და დანით მუქარის ფაქტს ადასტურებს სულთანოვის ბიძაშვილიც, თუმცა ის აცხადებს, რომ ამის მიზეზი ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინსტრო ამ ფაქტს ამ დრომდე იძიებს. უწყების ინფორმაციით საქმე 151-ე მუხლით არის აღძრული.
ამ დროისთვის კაზაროვის საქმე უკვე სასამართლოშია. მისი მოდავე მხარე ნოდარ სულთანოვი კი საქართველოში აღარ ცხოვრობს.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.