20 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
"ვიბრძვით თავისუფალი საზოგადოებისთვის,"- აუდიტორია 115-ის საგანგებო განცხადება

აუდიტორია 115-ის წევრები უსაფრთხოების სამსახურს მათ ოჯახებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ოცამდე სტუდენტი აცხადებს, რომ სუს-ის წარმომადგენლები მათ ახლობლებს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ, იმ შემთხვევაში თუ ისინი აქტიურობას არ შეწყვეტდნენ.

ახალგაზრდებმა განცხადებაც გაავრცელეს, სადაც პრემიერს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო სექტორს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"აუდიტორია 115-ის წევრებზე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. ყოველდღიურად მიდიან აქტივისტების ოჯახის წევრებთან, რომელთაც აშინებენ. იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობის წევრები არ დაანებებენ თავს აქტიურ ბრძოლას ოდეერების წინააღმდეგ, მათი ახლობლები გათავისუფლდებიან სამსახურიდან, ან მათ დაიჭერენ.

"მუქარის გამო, ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი აქტივისტი ღიად ვერ საუბრობს აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე ადამიანი მზად არის ამ თემაზე სასაუბროდ. მაგალითად, დღეს ნათია ქარჩილაძის ოჯახზე განხორციელდა მუქარა, რომ თუ ის არ ჩამოშორდება აუდიტორია 115-ს, მაშინ მამამისი გათავისუფლდება სამსახურიდან.
მივმართავთ, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და დაცვა. ის პოლიციური რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში, არსებობას განაგრძობს დღესაც.
აუდიტორია 115 იწყებს ბრძოლას პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ! 
ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი საზოგადოებისთვის! 
ჩვენ არ გვეშინია!"- ნათქვამია განცხადებაში

უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებაზე განცხადებებს ლადო პაპავა დღეს შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები