თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის სამწლიანი საქმიანობა - ლადო პაპავა მედიას ანგარიშს აცნობს. რექტორმა ასევე დააანონსა, რომ აუცილებლად იქნება პრეზენტაციაზე საუბარი თსუ-ის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ ხმაურიან პროცესებზე, იმ ბრალდებებზე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ისმოდა, რასაც შედეგად მოჰყვა პაპავას გადაწყვეტილება, რომ ის 1 მაისს დატოვებს თანამდებობას.
მისი დღევანდელი ანგარიში გარკვეულწილად არის დამშვიდობება აკადემიურ წრეებთან და სტუდენტებთან. ვლადიმერ პაპავამ შეაჯამა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიღწევები, რომელიც მისი რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტში განხორციელდა.
„ყველაზე მთავარი, ვერ გავაკეთე ის, რომ უნივერსიტეტს ვერ მოვუპოვე საბიუჯეტო დაფინანსება, აქედან გამომდინარეა ის პრობლემები, რომ როდესაც არ გაქვს ფული, ძნელია აკეთო მნიშვნელოვანი საქმეები. პოლიტიკა სამწუხაროდ დიდად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ნაციონალური მმართველობის პერიოდში მიღებულ იქნა უმაღლესების დაფინანსების წესი, სადაც ისინი ძირითადად დაფინანსებულია სტუდენტების მიერ მოტანილი ფულით. წასვლის წინ, კიდევ ერთხელ გავგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერმინისტრის სახელზე,“ - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.