რუსთავი 2-ის საქმეზე დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა დღეს სტრასბურში მყოფ საქართველოს პრემიერმინისტრს მოუწევს. რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ლიტველ დეპუტატს, ემანუელის ზინგერისს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აინტერესებთ თუ როგორ ვითარდება სიტუაცია საქართველოში მედიის გარშემო, კონკრეტულად კი რუსთავი 2-ის საქმე.
„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეეწყვიტა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შანტაჟი და ზეწოლა. ვიმედოვნებ ეს არ არის დროებითი ზომა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებამდე. ძალიან უცნაური იყო, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს მედიის მონოპოლიზების მცდელობა ქონდა. თუმცა, ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე, რის გამოც პრემიერმინისტრის ვიზიტს დადებითი შეფასება ექნება. გარდა ამისა, საქართველოში სხვა მნიშვნელოვანი პროცესებიც მიმდინარეობს. არსებობს მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც საქართველოს როგორც ყოფილმა ხელისუფლებამ, ასევე მოქმედმა მთავრობამ წარმატებით განახორციელა,“- განაცადა ზინგერისმა.
გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მოხსენებით რამდენიმე საათში წარდგება.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე.