ამ წუთებში საქართველოს პრემიერმინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, პედრო აგრამუნტს ხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. თბილისის დროით კი 2 საათზე გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს სიტყვით მიმართავს.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ჩიორა თაქთაქიშვილი აღნიშნავს, რომ საინტერესოა დააფიქსირებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსეთთან მიმართებაში. დეპუტატის თქმით, შეკითხვები რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებითაც დაისმება.
„საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე ზეწოლის შედეგად გარკვეულწილად რუსთავი 2-ზე შეტევა შეჩერდა, თუმცა არაფერი გარანტირებული არ არის. ჩვენ ველოდებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება მდგომარეობა გამწვავდეს, მნიშვნელოვანი იქნება პრემიერის მხრიდან დარბაზში დადებული პირობა, რომ მთავრობა არ უნდა ჩაერიოს,“- განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ძირითადად საუბარი იქნება იმ წარმატებულ რეფორმებზე, რაც, მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა. უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ ასევე საუბარი იქნება ადამიანის უფლებებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.ეკა ბესელიას თქმით, კითხვები შესაძლოა რუსთავი 2-თან დაკავშირებითაც დაისვას.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე