20 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
შეიქმნება პლატფორმა, სადაც განათლებასა და მეცნიერებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდება - თამარ სანიკიძე

ხელისუფლება სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებს შეხვდება და მათთან გააარკვევს, რა პოზიცია აქვთ თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ, ჟურნალისტებთან აუდიტორია115-ის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან დახურული ფორმატით გაიმართა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ გაიგეს, რა მოთხოვნები აქვთ სტუდენტებს და მოისმინეს მათი აზრი უნივერსიტეტში თვითმმართველობის გაუქმებასთან დაკავშირებით. ახლა კი აპირებენ, შეხვდნენ თავად სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს და გაარკვიონ, თუ რა პოზიცია აქვთ მათ უნივერისტეტში ცვლილებებთან დაკავშირებით.

ისინი აპირებენ, რომ შეხვდნენ თვითმმართველობის წევრებს, ასევე პროფესორებს და საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ, თუ რა ცვლილებებია საჭირო უნივერსიტეტის მმართველობასთან დაკავშირებით. 

ამასთან, სანიკიძე ამბობს, რომ შეიქმნება პლატფორმა, სადაც მუდმივად მოხდება განათლებასა და მეცნიერებასთან დაკავშირებით არსებული საკითხების განხილვა.   

"შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიზრუნებთ, შეიქმნას პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება ბევრი საკითხის განხილვა, რომელიც განათლებას და მეცნიერებას უკავშირდება. მასში ჩაერთვებიან როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ისე სტუდენტები და ეს პლატფორმა იარსებებს მუდამ, სადაც მოხდება აზრთა გაცვლა, დაგეგმვა, გარკვეული ანალიზის გაკეთება და სხვა,“ - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები