კონგრესმენ რასელის გამოსვლამდე, სადაც მან საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და ამ კონტექსტში რუსთავი 2-ის საქმეც ახსენა საქართველოში სპეციალური ჯგუფი იმყოფებოდა, რომელმაც ქვეყანაში არსებული ვითარება შეისწავლა. განცხადება ამის შესახებ ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ბათუ ქუთელიამ გააკეთა.
„კონგრესმენი რასელი არის ახალი კონგრესმენი მისი პოლიტიკური ფლანგი კონგრესში არის ნეოკონსერვატორების ფლანგი, რომლებიც გამოირჩევიან საკმაოდ თანმიმდევრული და კარგად კოორდინირებული საგარეო პოლიტიკით, უსაფრთხოების პოლიტიკაშიც საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები არიან. არის ე.წ. სტაფერები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ, ცოტა ხნის წინ საქართველოშიც იმყოფებოდნენ, რომლებიც სხვადასხვა კუთხით სწავლობენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკური, უსაფრთხოება სამხედრო კუთხით, ამის შესახებ შესახებ დგება ანგარიშები და მხოლოდ ამის შემდეგ კონგრესმენი ახმოვანებს საკუთარ პოზიციას,“-აცხადებს ბათუ ქუთელია.
საქართველოს განვითარების ფონდის შიდა პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი ხათუნა ლაგაზიძე კი განმარტავს, რომ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო პრემიერმინისტრს განმარტებების გაკეთება საერთაშორისო დონეზე მოუწევს.
„პრემიერის ვიზიტს შეექმნება ძალიან მძიმე ფონი, მას მოუწევს ფაქტობრივად თავის მართლების პოზაში ჩადგომა, გარანტიების მიცემაც მოუწევს, რომ არჩევნები ჩატარდება მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში და შეიზღუდება რუსული თამაშების სივრცე და მეორე, ეს იქნება დემოკრატიული არჩევანის დასასრული თუ მოხდა მედიის თავისუფლების ხელყოფა“-აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.