ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები აქციით გააპროტესტეს. მოსახლეობას საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სასმელი წყლის უვარგისობა აწუხებს.
აქციის წევრების განცხადებით მათ სასმელი წყლის სახლში მიტანა თავისი სახსრებით უწევთ. სასმელი წყლისა და საკანალიზაციო მილები კი გვერდი-გვერდ არის ჩაყრილი, რის გამოც წყლის გამოყენება საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვისაც უვარგისია.
დევნილებმა ხელისუფლებას წყლის მილების გამოცვლისთვის 15 დღიანი ულტიმატუმი წაუყენეს, თუმცა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელის მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებით შესაბამისი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და წყლის ვარგისიანობის დადგენის პარალელურად მოხდება მილების გამოცვლაც.