"სისტემა უნდა დაინგრეს," "ავტონომია უნივერსიტეტს"-ამ მოწოდებებით ამ წუთებში თბილისში სტუდენტთა მსვლელობა იწყება, რომლის მთავარი ლოზუნგია-"არა პოლიციურ რეჟიმს." აქცია უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყო და რუსთაველის გამზირის გავლით ჩიტაძის ქუჩაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დასრულდება.
აქციას აუდიტორია 115-ის წევრები მართავენ.
სტუდენტები უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის არსებობას აპროტესტებენ. აქციის ერთ-ერთი მიზეზი, როგორც აუდიტორია 115-ის წევრები ამბობენ, მათზე და მათი ოჯახის ოჯახის წევრებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებია.
სტუდენტებმა სუს-ის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე გასულ კვირას ისაუბრეს. აუდიტორია 115-ის წევრების განცხადებით მათი ოჯახის წევრებთან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და დაემუქრნენ, რომ სამუშაო ადგილებს დაკარგავდნენ თუ მათი შვილები გააგრძელებდნენ აქციების გამართვას.
სტუდენტთა განცხადებებზე გასული კვირის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს. მესამე სექტორმა შს მინისტრსა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ დაინტერესდნენ გახმაურებული ფაქტებით. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ აღნიშნულმა უწყებებმა შიდა მოკვლევა უნდა ჩაატარონ.
ავტორი გიგლა თუმანიშვილი.