კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი, გურჯაანში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის დეტალებს გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ყვება.
გელა მთივლიშვილი ამტკიცებს, რომ 46 წლის სოციალურად დაუცველ ქალბატონს, ეკატერინე პეტრიაშვილს, სოციალურმა მუშაკმა „მათხოვარი“ უწოდა, რის გამოც ქალბატონმა ინერვიულა და გარდაიცვალა.
პეტრიაშვილი გამგეობაში თხოვნით მივიდა, რომ დაეფინანსებინათ მისთვის გადაუდებელი მკურნალობის კურსისთვის მედიკამენტების შეძენა. ეკატერინე პეტრიშვილს ერთჯერადი 100-ლარიანი დახმარება კანონით ეკუთვნოდა. სოციალურ მუშაკსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეს შორის საუბარი ჩხუბში, შემდეგ კი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
„ამ ქალბატონმა ექიმებს უთხრა, რომ გამგეობაში ის გაანერვიულეს და ამ ნერვიულობის ნიადაგზე გახდა ცუდად. ეს ქალბატონი ექიმების წინასწარი ვარაუდით არის გულის ინფარქტით გარდაცვლილი,“ - აცხადებს გელა მთივლიშვილი და ამტკიცებს, რომ ქალბატონს ამ ინციდენტამდე გული არ აწუხებდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გადაცემა არჩევანში განაცხადა, დღეს სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს.