კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი, კახეთის გუბერნატორის მიერ სოციალურად დაუცველი ადამიანების შრომით გამოყენების ფაქტებს იხსენებს და კიდევ ერთი გარდაცვლილის, ნუგზარ ჯინაშვილის, ისტორიას გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ყვება.
გელა მთივლიშვილის მტკიცებით, ეს მოქალაქე სამუშაო საათებში გარდაიცვალა, თუმცა ასრულებდა არასამსახურეობრივ საქმეს.
"მას 200 ლარი ჰქონდა ხელფასი და იმისათვის, რომ ეს სამსახური არ დაეკარგა, მას შემდეგ, რაც ქუჩას დაალაგებდა, უნდა წასულიყო და ემუშავა გუბერნატორის მამის ნაკვეთებში მთელი დღის განმავლობაში. ეს ნათელს ხდის, როგორი დამოკიდებულება აქვთ საჯარო მოსამსახურეებს სოციალურად დაუცველი პირების მიმართ. ეს ადამიანი, რომელსაც ასე ამუშავებდნენ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. საუბარი მაქვს ნუგზარ ჯინაშვილზე. ეს ამბავი მოხდა 2013 წლის 23 ოქტომბერს. ეს ადამიანი გარდაიცვალა სამუშაო საათებში მაშინ, როცა სამსახურიდან სხვა საქმეზე იყო წასული ხელმძღვანელების დავალებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებაც კი არ დაუწყია,“ - განაცხადა გელა მთივლიშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ასეთი ფაქტები ბევრი იყოს, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.
„ასეთი ფაქტები სხვაც იქნება, დაუსჯელობის სინდრომი კი მოქალაქეების მიმართ უქმნის საფუძველს იმას, რომ ასე მოექცნენ სოციალურად დაუცველ ადამიანებს,“ - განაცხადა გელა მთივლიშვილმა.