რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე, სხდომათა დარბაზში ადვოკატები საუბრობდნენ იმ საფუძვლებზე და არგუმენტებზე, თუ რატომ უნდა იყოს აცილებული რუსთავი 2-ის საქმიდან მოსამართლე ნათია გუჯაბიძე.
“იმისათვის, რათა გაქარწყლებულ იქნეს აპელანტთა ეჭვი, საქმის განმხილველი მოსამართლის ნათია გუჯაბიძის შესაძლო დაინტერესებასთან დაკავშირებით, წინამდებარე შუამდგომლობით ვითხოვთ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილებას. ზემო აღნიშნული ნორმის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე, ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ, ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით. ან თუ არის ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ მოცემულ სადაო საქმეზე, პირველ ინსტანციაში განმხილველი მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე და მეორე ინსტანციაში კოლეგიის წევრი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე აქტიურად თანამშრომლობენ სასამართლოს გარეთ, ორგანიზაცია მოსამართლეთა ერთობის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე, კოლეგიის შემადგენლობაშია ისეთი მოსამართლე, რომელსაც მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული მოსამართლე ურთმელიძის მიმართ. როგორც ცნობილი გახდა, ნათია გუჯაბიძე არის იუსტიციის მინისტრის ქალბატონ თეა წულუკიანის ჯგუფელი და მეგობარი,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ, რუსთავი 2-ის იურისტის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ნათია გუჯაბიძე თეა წულუკიანის ჯგუფელი და მეგობარია.
მოსამართლემ თეა წულუკიანთან მეგობრობა უარყო.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესახებ, ლევან და გიორგი ყარამანიშვილების ოფიციალურმა წარმომადგენელმაც ზაზა ბიბილაშვილმაც ისაუბრა.
„ამ ერთობაში გაერთიანებულია რამდენიმე ათეული მოსამართლე. ბუნებრივია ეს არის თანამოაზრეთა გაერთიანება. ასეთი ორგანიზაციების როგორც წესი, ასეთი საფუძვლით იქმნება ხოლმე. თქვენ ქალბატონო ნათია, ბრძანდებოდით ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ახლაც ბრძანდებით გამეგეობის წევრი, ისევე როგორც თამაზ ურთმელიძე,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.