საერთაშორისო გამჭვირავლობა-საქართველოს დირექტორი, ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიის რამდენჯერმე შეცვლა პრობლემაა.
„კოლეგიის რამდენჯერმე შეცვლა არის პრობლემა. შუამდგომლობების ნაწილი, რომელიც დაყენებული იყო, შესაძლებელი იყო, რომ მოსამართლის მხრიდან დაკმაყოფილებულიყო. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ არავის ვინც ამ პროცესს მონიტორინგს უწევს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, არცერთი კითხვის ნიშანი არ გაუჩნდეთ, რადგან ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კონტექსტში განიხილება,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის განხილვა უნდა აეცილებინა. საია-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კითხვის ნიშნები რეალურად არსებობს.
ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს თვითაცილების შესაძლებლობა უნდა გამოეყენებინა, ან მის კოლეგებს მიეცათ მისთვის აცილება.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში აუცილებელია გამჭვირვალობა როგორც მედიის თავისუფლებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე