ეს შენ გეხებას სამი საკანონმდებლო ინიციატივა - კამპანიაში ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი დეპუტატებს და სამოქალაქო სექტორს გააცნეს.
ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა ეხება ფარული მიყურადების კანონპროექტის ცვლილებას, რაც გულისხმობს, ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის შეცვლას ერთ გასაღებიანით და დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას, რომელიც ანგარიშვალდებული უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოსთან.
მესამე სექტორი ასევე ითხოვს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რომელიც კონკრეტულად დაინტერესდება სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულებებით.
ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, მესამე სექტორის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს დადებითად ფასებს და მხარს უჭერს მას.
„ჩვენი მიდგომა არის, რომ პაკეტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს, არის ძალიან კარგი პაკეტი და ახლა პარლამენტში, ქართული ოცნების კოალიციის დაშლის შემთხვევაში არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს პაკეტი გავიტანოთ,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თავისუფალი დემოკრატების წევრის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, პარტია აღნიშნულ პაკეტს მხარს დაუჭერს.
„თავისუფალი დემოკრატები არაერთხელ ვაცხადებდით, იმას, რომ დღეს არსებული კანონი პრაქტიკულად შეუზღუდავ ძალაუფლებას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამიტომ აუცილებელია ასეთი დაწესებულების არსებობა,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ავტორი: ნატა მახვილაზე.